სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე – ოხანაშვილი ნიკა მელიაზე

პუბლიკა

„სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ, საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ამ ადამიანს, ნიკალორ მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლოს წესით. ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დაღვევა“,  –  განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ოხანაშვილის თქმით, არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს, ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით.

„ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. და პასუხისმგებლობა რა სახის იქნება და რას მოითხოვს პროკურატურა, ეს არის პროკურატურის შეფასების საგანი, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს. ამიტომ, მე დამატებით მსჯელობაში ვერ შევდივარ“,  – განაცხადა ოხანასვილმა.

ოხანაშვილმა აბსურდი და პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეფასებას, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დემონსტრაციულად არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რასაც, როგორც ჩანს, იყენებს პროკურატურა“,  –  აღნიშნა მან.


დღეს, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, პროცესი 5 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება  წარუდგინა. 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება გამხდარიყო შესაძლებელი.

სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განუსაზღვრა, თუმცა დამატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი და დაუმაგრეს შესაბამისი სამაჯური.