სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და უნდა იყოს გამიჯნული - კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის პარალელურად დაანონსებული აქციის შეფასებისას აცხადებს, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა იყოს გამიჯნული. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გამოხატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული.

არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ.

წარმატება მინდა ვუსურვო და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.


„27 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩის დროს რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით ვუპასუხებთ“, – ამ ინიციატივით დღეს პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.

27 თებერვალს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის საერთაშორისო მატჩი გაიმართება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის „დინამოზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის ნაკრებთან მატჩის ანონსი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, რამდენიმე საათში კი წაშალა.

რუსულ მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთ სტრატეგიას და ანონსის აღება სთხოვა.

თავის მხრივ, ევროპის რაგბის მმართველ ორგანიზაციას რუსეთის რაგბის ფედერაციამ მიმართა.