სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება - შსს

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს.

ცვლილებები სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და  მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რაც მიზნად ისახავს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლს და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვას. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი  თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა.

ასევე, 9 თვეში სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი,  რომელთაგან 114 პირი მხილებულია არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები  არიან:
•    ოჯახის წევრი/მშობელი – 53%
•    დაზარალებული ბავშვი – 8%
•    სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%
•    მანდატურის სამსახური – 6%
•    სკოლა – 4%
•    მეზობელი – 3%
•    ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%
•    არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%
•    სხვა – 18%

„მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან ავიცილოთ დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – ამბობენ სამინისტროში.