ს*რი არის ჩიტიო. ამიტომ, ს*რო, ჩამოდი და დაგველაპარაკე - სურგულაძე სამგორის გამგებელს

პუბლიკა

„ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე სიტყვა ს*რი არის ჩიტი, ამიტომ მინდა მივმართო სამგორის გამგებელს – ს*რო, ჩამოდი და დაგველაპარაკე, ან კაბინეტში დაგვპატიჟე“ , – მიმართა სამგორის გამგებელს აქციაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ.

სამგორის გამგეობასთან გამგებლის, კახა სამხარაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

სურგულაძის თქმით, მოითხოვენ საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და გადადგომას.

„ეს ადამიანი არის თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. მას თმენის მოვალეობა აქვს… უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, არა სოციალური ქსელებით, არამედ საჯაროდ, ტელევიზიების მეშვეობით. მეორე, დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, კახა კალაძეს მოვთხოვთ, გადააყენოს თავისი ე.წ. გუნდის წევრი“, – ამბობს ვატო სურგულაძე.


კახა სამხარაძემ გუშინ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. პოსტი სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა.

„ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს „ჩიტს“, ეგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. „უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტები“ – ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს“, – თქვა კახა სამხარაძემ.