სროლა ტრამპის საარჩევნო შეხვედრაზე - FBI-იმ მსროლელის იდენტიფიცირება შეძლო

პუბლიკა

პენსილვანიის შტატში, ბატლერში, ამომრჩეველთან შეხვედრისას  პრეზიდენტობის კანდიდატს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესროლეს. FBI-იმ მომხდარი მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა, ფოტოებიდან ჩანს, რომ მას მარჯვენა ყური ჰქონდა სისხლიანი. სცენიდან გაყვანისას მან  შეკრებილ საზოგადოებას მუშტი აუწია.

„მე მესროლეს ტყვია, რომელმაც ჩემი მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში გაიარა. ცუდი რომ ხდებოდა, მაშინ მივხვდი, როცა გავიგონე წუილი, სროლის ხმა და უცებ ვიგრძენი, ტყვიამ როგორ გაიარა კანში. შემდეგ სისხლი წამომივიდა. გავიაზრე, რაც ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, ორი კი დაშავდა.

FBI-ის ინფორმაციით, დნმ-ის ტესტის მიხედვით, მსროლელი იდენტიფიცირებულია, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, რომელიც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით,  განეიტრალებულია.

BBC-ის ცნობით, 20 წლის კაცი პენსილვანიის შტატში, ბეთელი პარკში ცხოვრობდა, რომელიც ბატლერიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. CNN-ის ცნობით, კრუქსი რესპუბლიკელად იყო რეგისტრირებული. ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერებით, თომას კრუქსმა 2021 წელს 15 დოლარი შესწირა დემოკრატების პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს.

„13 ივლისს საღამოს, დაახლოებით 18:15, პენსილვანიის ბატლერში ყოფილ პრეზიდენტ ტრამპის (საარჩევნო) საკამპანიო შეხვედრის დროს ეჭვმიტანილმა მსროლელმა შეხვედრის ადგილის გარედან, შემაღლებული პოზიციიდან, სცენის მიმართულებით მრავალჯერადად გაისროლა.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის პერსონალმა მსროლელი გაანეიტრალა, რომელიც ახლა მკვდარია. ერთი დამსწრე დაიღუპა, ორი კრიტიკულად დაშავდა“, – წერია საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.

მომხდარი დაგმო პრეზიდენტმა ბაიდენმა.

„ეს დამთრგუნველია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქვეყანა გავაერთიანეთ. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს ხდებოდეს. არ შეგვიძლია, ასეთები ვიყოთ. არ შეგვიძლია, ეს მივუტევოთ“, – თქვა მან.