განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო.
მათი ცნობით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.
„სამინისტროსთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი სკოლებში დასრულდეს და მოსწავლეთა განათლება შეუფერხებლად გაგრძელდეს.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ათეულ სკოლაში იმყოფებოდა. ზოგადი განათლებისა და კოორდინაციის სამმართველოების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში შემოწმებულია 120-ზე მეტი სკოლა, ხოლო რესურსცენტრების მხრიდან მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები რეგულაციების შესაბამისად მაღალ დონეზეა დაცული, სისტემატურად ხდება საპირფარეშოებისა და დერეფნების სველი წესით დამუშავება. შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებს მშობლებთან სკოლის ეზოში ორგანიზებულად გამოყავთ. დაცულია პირბადის ტარების წესები. ერთეულ შემთხვევებში, შემოწმების შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, რის გამოც სკოლებმა დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს, “- ამბობენ სამინისტროში.
მათი ცნობით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი.