თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დასადგენად.
„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ- მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეოკამერებით.
22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი სოფელ ფლავიდანაა.