სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელარუს კოლეგებს - დარგობრივი პროფკავშირი

პუბლიკა

დღე საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა ბელარუსის საელჩოსთან აქცია გამართა.

პროფესიული კავშირის წევრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუს კოლეგებს და მოითხოვეს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ შეწყვიტოს რეპრესიები საგაფიცვო კომიტეტებისა და პროფკავშირის ლიდერების, ასევე ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ.

„ბელარუსის არჩევნების შემდეგ დაწყებულ მოქალაქეთა პროტესტს ხელუსფლებამ რეპრესიებით უპასუხა – რაც უფრო ძლიერდება პროტესტი, მით მეტად მატულობს ძალადობის ხარისხი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. საგაფიცვო კომიტეტებისა და საწარმოთა პროფესიული კავშირების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, უთვალთავალებენ, დევნიან, აპატიმრებენ და სცემენ პოლიციის განყოფილებებში. მიმდინარე მომენტისათვის ასობით ასეთი ჩვენი კოლეგაა დაპატიმრებული და სხვადახვა რეპრესიული ქმედების მსხვერპლი“, – ამბობენ საპროტეტო აქციის მონაწილეები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულელმა მეშახტეებმა, ჭიათურელმა მაღაროელებმა, ქსნის მინის ტარის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა. საპროტესტო აქციას პროფკავშირული ორგანიზაცია „გილდია“ და საქართველოს აგრარული მეურნეობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი შეუერთდა.

აქციის შემდეგ პროფკავშირებმა შესაბამისი საპროტესტო წერილი გადასცეს ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

არჩევნების დღესვე ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. დაკავებულია საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ათასობით ადამიანი.