ტყიბულში მეშახტეების აქცია გაიმართა. აქცია ძიძიგურის შახტთან 11 საათზე დაიწყო და მსვლელობა მოეწყო მინდელის შახტის მიმართულებით. მოგვიანებით კი ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლეს.
ტყიბულელი მეშახტეები მოითხოვენ:
✔️ სრულად ანაზღაურდეს კომპანიის ბრალით გაცდენილი დღეები;
✔️ დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით;
✔️ გაგვაცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და გვითხრან რა ღონისძიებები იგეგმება შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;
„მივმართავთ მთავრობას, სამინისტროებს, შეამოწმონ კომპანიის მუშაობა, ჩამოვიდნენ და გაგვესაუბრონ, რატომ ვართ ჩვენ, ტყიბულელები ამ დღეში? ჩამოვიდნენ და აგვიხსნან, “- ამბობენ მეშახტეები.
13 მარტს მეშახტეებმა მიმართვა გაავრცელეს. ისინი სახელმწიფოს და კომპანიას მიმართავენ მოაწყონ ღია შეხვედრა მეშახტეებთან.
„სახელმწიფო კომპანიას საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ჩვენი სოციალური მდგომარეობით და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მუშაობა გვაიძულოს. ეს შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს და თუ გაგრძელდება შესაძლოა, ტყიბულში ახალი ტრაგედიები დატრიალდეს და ამაზე პასუხისმგებელი თანაბრად იქნებიან სახელმწიფო და კომპანია“,- ნათქვამია მეშახტეების მიმართვაში.