სრულად ვაქცინირებული პირებისთვის იუსტიციის სამინისტრო შეღავათებს აწესებს

პუბლიკა

კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ,  ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
  • ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების  მიღება ორჯერადად  ვაქცინირებულთათვის  იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ  ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.