საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე, სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ.
მისი შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება.
კობახიძემ პარტიის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.
„მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საჯარო მოსამსახურეებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ევროპული პერსპექტივის მისაღებად იქნა გაწეული.
რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს, რომლის პროგრესულობისა და პრაგმატულობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მშვიდობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ, დგამს ნაბიჯებს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირის წევრობისაკენ”, – აღნიშნა მან.