„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელსაც დღეს თქვენ სვამთ:
თუ რატომ შემოვიდა ის პოლიტიკაში, რას ისახავდა მიზნად და ასევე ის, რომ მას არასდროს არ ჰქონია მიზნად პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა.
არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს პოლიტიკაში. ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდათ 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მის ლიდერებს. ვფიქრობ, ბ-ნი ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველა შეკითხვაზეა პასუხი გაცემული.
რაც შეეხება ჩემს შეფასებას, შემიძლიათ გითხრათ ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცში. ამას კიდევ შეაფასებს ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა.
ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილში.
ამავე წერილში ივანიშვილი მიმოიხილავს „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. აკრიტიკებს ოპოზიციას.