სრულიად უსაფუძვლოა ეს კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს - ღარიბაშვილი რუსულ კანონზე

პუბლიკა

„ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს სჭირდება, ის გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინტერესებს.

ძალიან ბევრი ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არაა გამჭვირვალე…

ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლოა ეს კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ, და არავითარი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა…”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან „მიმდინარე აჟიოტაჟი” კვლავ ოპოზიციას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ:

„ყველა უნდა შეეგუოს მარტივ ჭეშმარიტებას და მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს”.

…ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან”.