სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დანაშაულში ჩაბმა სსკ-ის ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება

პუბლიკა

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დამამძიმებელი გარემოება ხდება წინასწარი შეცნობით, სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.

შესაბამისი ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება.

„გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს იმის რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის – ბავშვების გამოყენება.

წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მკაცრი სისტემიდან, რომელიც დასჯაზე და დაშინებაზე იყო ორიენტირებული, სახელმწიფოს მხრიდან აქცენტის გადატანა აღდგენით მართლმსაჯულებაზე, სახელმწიფოს წინაშე აჩენს ახალ გამოწვევას – უზრუნველყოს ბავშვთა ეფექტიანი დაცვა კრიმინალური ელემენტების მიერ მათი ინსტრუმენტალიზაციისა და ცოცხალი არაღად გამოყენების მზარდი რისკებისაგან“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53¹ მუხლს ემატება 2¹ და 3¹ ნაწილები, აგრეთვე იმავე მუხლის მე-4 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით.

პროექტით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია – ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ვადა არ უნდა იყოს „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

პროექტის მიხედვით, დამატებულ დამამძიმებელ გარემოებებზეც განისაზღვრება, რომ სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, სუმბატ კიურეღიანი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ჭეიშვილი, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა და ზურაბი ქადაგიძე.