„ოცნებამ“ დააინიციირა კანონპროექტთა პაკეტი, რომელთა შორის ძირითადია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.
ცვლილების მიხედვით, შემოღებული იქნება ახალი ცნება, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, რომელიც მოიცავს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
გამონაკლისია ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, აგრეთვე, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი სსიპ-ები.
ამ სუბიექტზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები – მოხელის თანამდებობაზე მიღებისა და არმიღების წესი, მოხელის სამსახურებრივი მივლინება, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება, მოხელის შვებულება, მოხელის დეკრეტი, მივლინების ხარჯის ანაზღაურება და სამსახურის სტაჟის შესაბამისი მუხლები.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის კომპენსაციასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩო.
კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია მიეცემა, აგრეთვე, იმ მოხელეს, რომელიც გათავისუფლდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირების საფუძვლით.
პროექტით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა კომპენსაცია – 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
კანონპროექტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გავრცელდება საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებული რამდენიმე ნორმა, მათ შორისაა: „ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე რომელიმე სიტყვის ან წინადადების თავის შეკავების ბათილობა“, შვებულების, დეკრეტის, მივლინებისა და სხვა კანონით დადგენილი წესები.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. „ოცნებას“ მის მისაღებად, სავარაუდოდ, თვე-ნახევარი დასჭირდება.
კანონპროექტთა ავტორი „ოცნების“ დეპუტატები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
განახლება: კანონპროექტი მეორე მოსმენით 18 მარტს მიიღეს