სტაციონარის/კარანტინის დატოვების შესახებ აღებული ცნობით ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისცემს ხმას - ბრძანება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას/ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ და ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება, შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.

„ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში.

2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინო სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ცნობა გაიცემა ყველა საარჩევნო უფლების მქონე პირზე.

  1. ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
  3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამის უფლებამოსილი უწყების სახელით.
  4. ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ხოლო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – საკარანტინო სივრცეების სათანადო ინფორმირება.