საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში (1 თებერვლამდე) ქვეყანაში იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა.
დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნული პროგრამის შესახებ ისაუბრა.
მისი განმარტებით, კვლევა ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორ ასეულ სამედიცინო დაწესებულებაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა პოლიკლინიკასა და ამბულატორიაში, ასევე, ყველა სამედიცინო სტაციონალურ დაწესებულებაში.
განკარგულების თანახმად, ტესტი ჩაუტარდება ყველა სტაციონარიზებულ ავადმყოფს. დღესდღეობით სტაციონარში მყოფი მხოლოდ ის ავადმყოფები ექვემდებარებიან კორონავირუსზე კვლევას, რომლებსაც ცხელება აღენიშნებათ, მომავალში კი სტაციონარში მოთავსებული ყველა ადამიანი, ნებისმიერი დიაგნოზით, დაექვემდებარება სწრაფი ტესტით კორონავირუსზე კვლევას. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში სერიოზულად უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა და ადამიანების წრე, ვისაც მოიცავს აღნიშნული დიაგნოსტიკა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე. ბოლო ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, (თუ სწორად არის გაკეთებული და სწორი ჩვენებით) თითქმის იმავე შედეგს იძლევა, რასაც ოქროს სტანდარტი PCR-ტესტი, ამიტომ არის რეკომენდაცია მათ მაქსიმალურად გამოყენებაზე.
ამიტომ ამ ორი თვის განმავლობაში, მთავრობამ რა გეგმაც შეიმუშავა შეზღუდვების, ამ პერიოდში, მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტის პასუხი „პისიარით“ მხოლოდ ორ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს და ორივე შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
„მოგეხსენებათ, ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა აღარ ექვემდებარება „პისიარით“ გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით: პირველი – თუ არის უსიმპტომო ადამიანი და ანტიგენი არის დადებითი და ექიმი მიიჩნევს, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს და მეორე – თუ არის კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შეიძლება გადამოწმდეს. მაგრამ თუ არის სიმპტომებიანი ადამიანი, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება, ის ადამიანი და ოჯახის ექიმი უკვე მოქმედებენ როგორც „პისიარით“ დადასტურებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, მაგალითად დღევანდელი დიდლის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 10 234 PCR ტესტი და დახალოებით 3 700-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით უნდა გაორმაგდეს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასამდე ავალთ და შემდეგ ვეცდებით კიდევ 25 ათასამდე ავიდეთ ყოველდღიური ტესტირებით, მაქსიმალურად გამოვავლენთ მსუბუქ და უსიმპრომო ადამიანებს და მოვახდენთ მათ დროულ იზოლირებას და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მოსახლეობის ქცევას“,- განაცხადა გამყრელიძემ.