„სტამბა“ ქვიარ წიგნის პრეზენტაციაზე: მუზეუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიებებზე

პუბლიკა

„თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში“ წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ დაგეგმილი პრეზენტაციის გაუქმების შესახებ „სტამბა“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „აჭარა ჯგუფი“ მუზეუმის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი არაა.

მათ ორგანიზატორებს ალტერნატივად „არტარეას“ სივრცეც შესთავაზეს.

„სტამბაში მდებარე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მუზეუმი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე.

აჭარა ჯგუფთან აღნიშნულ ღონისძიებაზე კომუნიკაცია აქამდე არ მომხდარა და ვინაიდან ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს ვთავაზობთ აჭარა ჯგუფის სახელოვნებო სივრცეს არტარეას ტერიტორიაზე.

გვინდა, აღვნიშნოთ ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სახელოვნებო კულტურის განვითარებაში“, – წერია განცხადებაში.


6 მარტს „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში“ დაგეგმილი იყო წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ პრეზენტაცია თუმცა, პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, „შემოქმედებითმა გაერთიანება სპექტრმა“ 4 მარტს დაწერა, რომ მუზეუმმა პრეზენტაციისთვის სივრცის დათმობაზე უარი თქვა.

მათი ცნობით, მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნესტან ნიჟარაძემ მიზეზად „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობა“ დაასახელა და ღონისძიების ლოკაციის შეცვლა მოითხოვა.

„შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი“ მუზეუმის ხელმძღვანელის მიერ დასახელებული მიზეზს „დაუჯერებელ სიყალბედ“ აფასებს და მიაჩნია, რომ სახელოვნებო ინსტიტუციამ „თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ“ მოექცა.

მუზეუმი წერს, რომ წიგნის გარშემო ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ წიგნის საინიციატივო ჯგუფმა უსაფრთხოების ზომები მოითხოვა, რისი უზრუნველყოფის რესურსიც მუზეუმს არ აქვს.