სტამბაში, სადაც დირექტორმა დასაქმებულზე იძალადა, არაერთი დარღვევა გამოვლინდა

პუბლიკა

„კომპანია რეგულარულად არ ამოწმებს სამუშაო სივრცეში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მათგან მომდინარე დაშავების ანდა გარდაცვალების რისკი; სამუშაო ადგილზე კიბეს არ აქვს დამცავი მოაჯირები; კომპანია დასაქმებულებს არ უტარებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟებს…“, – სტამბაში, სადაც დირექტორმა დასაქმებულზე იძალადა, არაერთი კანონდარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

საქმე ეხება 16 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, რომ სტამბა „რეზონის“ დირექტორი, რეზო რაზმაძე თანამშრომელს – გვანცა ქველაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, შრომის ინსპექციამ შპს „რეზონი” შეამოწმა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, 29 ივნისს კი სამართალდამრღვევად ცნო შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო. შპს „რეზონს“ გამოეცხადა გაფრთხილება, მიეცა მითითებები და 20 კალენდარული დღე ყველა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

კერძოდ:

  • კომპანიას არ ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;
  • კომპანიას არ გააჩნია სამუშაო ადგილზე რისკების შეფასების, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დოკუმენტები;
  • კომპანია დასაქმებულებს არ უტარებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟებს;
  • კომპანია რეგულარულად არ ამოწმებს სამუშაო სივრცეში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მათგან მომდინარე დაშავების ანდა გარდაცვალების რისკი;
  • კომპანია დასაქმებულებს სრულყოფილად არ აწვდის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (სპეც. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხმაურის დამხშობი მოწყობილობა), ხოლო რაც მიწოდებულია, არ აქვს შეფასებული, რამდენად ანეიტრალებს დასაქმებულის პოზიციისთვის დამახასიათებელ რისკებს, სათანადოდ ერგება თუ არა დასაქმებულს და სხვ.;
  • კომპანია არ ატარებს კოლექტიური დაცვის ღონისძიებებს: სამუშაო სივრცეში ელ. გამანაწილებლები ღია მდგომარეობაშია; ჰაერის გამწოვი სისტემა დაზიანებულია; პროდუქციის ატანა-ჩამოტანა სრულდება კუსტარულად დამონტაჟებული ლიფტით; ლიფტის სამოძრაო არეალთან არ არის შეზღუდული დასაქმებულების ან გარეშე პირების მოხვედრა; ლიფტი არ არის აღჭურვილი მაბლოკირებელი სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ლიფტი მეორე სართულიდან დაშვებულია ქვევით, ლიფტის კარი არ უნდა იღებოდეს. აღნიშნული შეიცავს დაშავებისა და გარდაცვალების რისკებს;
  • კომპანია არ აღრიცხავს უბედურ შემთხვევებს, საწარმოო ტრავმებსა და პროფესიულ დაავადებებს;
  • კომპანიას არ ჰყავს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამუშაო სივრცეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულების დაუშვებლობაზე;
  • კომპანია არ ამოწმებს სამუშაო სივრცეში ტემპერატურას, ტენიანობას, განათებას და სხვ.;
  • სამუშაო ადგილზე დასაქმებულთათვის არ არის გამოყოფილი მოსასვენებელი და გამოსაცვლელი სივრცეები;
  • სამუშაო ადგილები არ არის აღჭურვილი პირველადი დახმარების სააფთიაქო ყუთებით;
  • კომპანიაში არ არსებობს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა (ევაკუაციის გეგმა);
  • კომპანია დასაქმებულს არ უტარებს დამსაქმებლის ხარჯით გასაწევ წინასწარ და პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას;
  • კომპანიის საწყობში ქაოტურად არის განთავსებული ნივთები, რაც ხელს უშლის დასაქმებულთა თავისუფალ გადაადგილებას. აქ, ასევე, განთავსებულია საღებავი და ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც განიავებად სივრცეში უნდა იყოს, რათა დახურულ სივრცეში არ დააბინძუროს ჰაერი მომწამვლელი ნივთიერებებით;
  • სამუშაო ადგილზე კიბეს არ აქვს დამცავი მოაჯირები;
  • სამუშაო სივრცეში არ არის განთავსებული უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშნები.

2023 წლის 20 ივლისს, პროკურატურამ შპს „რეზონის“ დირექტორ რეზო რაზმაძეს დაუმძიმა ბრალდება და ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (გვანცა ქველაძე შშმ სტატუსის მქონე პირია).

პროფკავშირების ინფორმაციით, 2023 წლის 30 ივნისს შრომის ინსპექციამ შპს „რეზონი” სამართალდამრღვევად ცნო გვანცა ქველაძის გარეგნობის ნიშნით შევიწროებაში და 1800 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გარდა ამისა, შპს „რეზონი“ შრომის ინსპექციამ 19 ივნისს ცნო სამართალდამრღვევად კიდევ ერთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის. კომპანია შენობის სახურავზე აწარმოებდა სამონტაჟო სამუშაოებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შრომის ინსპექციამ სრულად შეუჩერა სამონტაჟო სამუშაოების წარმოება იქამდე, სანამ კომპანია არ აღმოფხვრის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობებს.