რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და 1 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ, გიორგი ორველაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მის ძმასაც, გოგიტა ორველაშვილს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრობით შენახვას ედავება.
საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა.
პროკურორის თქმით, ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ბრალდებულსა და მის ბიძას შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს.
„დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა, თუმცა ნიკოლოზ ორველაშვილი სიკვდილს გადაურჩა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ის მთვრალ მდგომარეობაში ხდებოდა არაადეკვატური და აყენებდა შეურაცხყოფას როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებს. ასევე, დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა ბაზარში. ამის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა, წავიდა სოფელში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. იყო შემთხვევები, როდესაც მან დახარჯა ე.წ. სავაჭრო თანხა, რომელიც გამიზნული იყო ბაზარში ვაჭრობისთვის.
უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული შეურაცხადი იყო თუ შერაცხადი, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საკითხი მისი დასჯის ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე. ამ ეტაპზე ერთი შეხედვით, ბრალდებულის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იწვევს ეჭვს, ადეკვატურად იქცევა, ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და მათ შორის, აღიარებს დანაშაულს”, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 პირის განზრახ მკვლელობის და 1 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ორ პირს ბრალდება 10 თებერვალს წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
გიორგი ორველაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.