სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – 53 წლის იმამოღლუს წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმამოღლუ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქეა, სასამართლო პროცესის დასრულებამდე პატიმრობაში დარჩება.
ამ საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს 100-მდე ადამიანის წინააღმდეგ. დამატებით, იმამოღლუს წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია „ტერორიზმთან” დაკავშირებული მუხლითაც.
იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. მის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. მედიები წერენ, რომ საპროტესტო აქციებში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები დროშებს აფრიალებდნენ და თან ჰქონდათ პოსტერები წარწერით: „დიქტატორები მშიშრები არიან!”. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2028 წელს უნდა გაიმართოს, იმამოღლუ ერდოღანის მთავარ მოწინააღმდეგედ მოიაზრებოდა.
იმამოღლუს სასამართლო სხდომა დღეს, 23 მარტს გაიმართა – მანამდე მას პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის ბრალდებებს უარყოფს და მას „უმსგავსოსა და უსაფუძვლოს” უწოდებს.
„ამ პროცესმა დააზიანა არა მხოლოდ თურქეთის საერთაშორისო რეპუტაცია, ასევე, დაამსხვრია საზოგადოებაში სამართლიანობისა და ეკონომიკისადმი ნდობაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მედიები წერენ, რომ მისი დაკავების საქმე უარყოფითად აისახა თურქული ლირის კურსზე და ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე რყევები გამოიწვია.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებაზე ამბობს, რომ მას და მის გუნდს „არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც ალიანსს არ აქვთ დრო ოპოზიციის თეატრისთვის”.