მიუხედავად შეკრებების აკრძალვისა, თურქეთში საპროტესტო აქციები მე-5 დღეა გრძელდება.
აქციის მონაწილეები სტამბოლის ოპოზიციონერი მერის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარი მეტოქის, ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებენ.
მას შემდეგ, რაც გუშინ იმამოღლუს პატიმრობა შეეფარდა, ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
BBC თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციების დაწყებიდან დააკავეს 700-ზე მეტი ადამიანი.
იმამოღლუმ პატიმრობის შეფარდებამდე X-ზე დაწერა: „არასდროს მოვიყრი მუხლს“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქუჩებში გამოდიან, რათა დემოკრატია დაიცვან“.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი აცხადებს, რომ სტამბოლის დაკავებული მერის პარტია „მშვიდობის დარღვევას და ხალხის პოლარიზაციას“ ცდილობს. მისი თქმით, მას და მის გუნდს „არ აქვს დრო ოპოზიციის თეატრისთვის”.
„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP) შაბათ-კვირას ყრილობა ჩაატარა, სადაც პარტიის 1.6 მილიონმა წევრმა მისცა ხმა იმამოღლუს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას.
პარტიამ ასევე სოლიდარობის ყუთები დადგა, რომლებითაც არაწევრებს შეეძლოთ მხარდაჭერა გამოეხატათ. CHP-ის ცნობით, სოლიდარობის ყუთების გამოყენებით 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა.
იმამოღლუს დაკავება ხელს არ უშლის მის კანდიდატურას და პრეზიდენტად არჩევას, თუმცა თუ მას წაყენებული ბრალდება დაუმტკიცდება, ის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორისტული კავშირების გამოძიების ფარგლებში და 23 მარტს პატიმრობა შეუფარდეს.
თურქეთის პროკურატურამ იმავე საქმის ფარგლებში დაკავების ბრძანება გასცა კიდევ 100 ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებზე.
20 მარტს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის შსს-მ 37 ადამიანი „პროვოკაციული პოსტების“ გამო დააკავეს. მათი განცხადებით გამოავლინეს სოციალური მედიის 261 ანგარიში, რომლებიც „ავრცელებდნენ პროვოკაციულ, სიძულვილის ან დანაშაულის შემცველ პოსტებს“.
იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა და ის ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.
მედიები წერენ, რომ მისი დაკავების საქმე უარყოფითად აისახა თურქული ლირის კურსზე და ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე რყევები გამოიწვია.