სტამბოლში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს - უკრაინის საკითხი არ განიხილება

პუბლიკა

სტამბოლში ამერიკისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. საერთაშორისო მედია რუსულ სამთავრობო TASS-ზე დაყრდნობით წერს, კონსულტაციები უკვე დაიწყო და ის რამდენიმე საათს გაგრძელდება.

სტამბოლში ამ ფორმატში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.

როგორც პირველად, რუსეთს კონსულტაციებზე წარმოადგენს დიპლომატი ალექსანდრ დარჩიევი, რომელიც ახლახან დაინიშნა რუსეთის ელჩად შეერთებულ შტატებში, ხოლო ამერიკულ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კულტერი.

Reuters-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა სტამბოლის ცენტრში რუსეთის საკონსულოს შენობაში შევიდა.

მოლაპარაკების თემაა დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესება და დიპლომატიური მისიების მუშაობა ორივე ქვეყანაში. ორივე მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხი არ იქნება განხილული.