გუშინ თურქეთში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა – როგორც AP News წერს, ის სპეციალური დანიშნულების რაზმმა კვლავ ცრემლმდენი გაზისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია. მედიის ცნობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები სამართალდამცავებმა სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგურ ოზელის სიტყვით გამოსვლიდან 15 წუთში გამოიყენეს.
გუშინ სტამბულში მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ოზგურ ოზელიმ მიმართა და მათ პროსახელისუფლებო კომპანიების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამასთან, ისაუბრა ექრემ იმამოღლუს სასამართლო პროცესის შესახებ და თქვა, რომ მოითხოვენ, იმამოღლუს სასამართლო პროცესი გადაიცეს პირდაპირ ეთერში, რათა საზოგადოებამ იხილოს, რა ხდება.
ამასთან, გუშინ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ პროტესტს გამოეხმაურა და თქვა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა პასუხისმგებელი „პოლიციელების დაშავებაზე ვანდალური თავდასხმების დროს”.
„შეწყვიტეთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის დარღვევა პროვოკაციებით”, – თქვა მან.
სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. მის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. მედიები წერენ, რომ საპროტესტო აქციებში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები დროშებს აფრიალებდნენ და თან ჰქონდათ პოსტერები წარწერით: „დიქტატორები მშიშრები არიან!”.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2028 წელს უნდა გაიმართოს, იმამოღლუ ერდოღანის მთავარ მოწინააღმდეგედ მოიაზრებოდა.
იმამოღლუს სასამართლო სხდომა 23 მარტს გაიმართა – მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის ბრალდებებს უარყოფს და მას „უმსგავსოსა და უსაფუძვლოს” უწოდებს.
„ამ პროცესმა დააზიანა არა მხოლოდ თურქეთის საერთაშორისო რეპუტაცია, ასევე, დაამსხვრია საზოგადოებაში სამართლიანობისა და ეკონომიკისადმი ნდობაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მედიები წერენ, რომ მისი დაკავების საქმე უარყოფითად აისახა თურქული ლირის კურსზე და ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე რყევები გამოიწვია.