სტანო: ევროკავშირი შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ოცნების“ განცხადებებით

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „ბრიუსელი შეშფოთებულია „ოცნების” გეგმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით”. სტანოს კომენტარს გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ამბობს სტანო და აღნიშნავს, რომ პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრების პროცესის ცენტრალური საყრდენია“.

„ამჟამინდელი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროკომისია რიტორიკასა და განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და განვითარებულად მუშაობს. ყველა ვერსიაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ეს განცხადებები მოქმედებს“, – აცხადებს პიტერ სტანო.

მანვე აღნიშნა, რომ გაწევრიანების კარი „ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს მოერგოს და ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს“.


20 აგვისტოს, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.

მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიციირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია და „როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს”.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.

კობახიძემ ჩამოთვალა, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

„სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. [გაერთიანება] რომელშიც შედის „ნაცმოძრაობა“, რამდენიმე პარტია ერთად გამოდიან ამ არჩევნებში, ასევე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, ყველა ამ პოლიტიკოსს წარსულიც და აწმყოც პირდაპირ აქვს დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, „ლოგიკური გაგრძელება სწორედ მანდატების შეწყვეტა იქნება”.