სტანო: საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლება დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება EU-ს წინააღმდეგ

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ.

მას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ეხმარებოდა თუ არა ევროკავშირი დეზინფორმაციასთან და ჩარევასთან ბრძოლაში საქართველოს, მანამდე სტანომ ისაუბრა რა დახმარებას უწევს ბლოკი მოლდოვას ამ მიმართულებით. სტანომ აღნიშნა, რომ მოლდოვაში არჩევნები რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ ჩატარდა.

“ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი ასევე მრავალმხრივი იყო და ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე, საკმაოდ ინტენსიურად ბევრ საკითხზე“, – თქვა სტანომ და დასძინა, რომ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

მისი განცხადებით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც „ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ“, რის გამოც ურთიერთობამ განსხვავებული მიმართულება შეიძინა.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არაერთხელ განიხილეს წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე, ასევე ევროკავშირის ლიდერების დონეზე.

„არ არსებობს ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც საქართველოს ეხმარება, გაზარდოს მდგრადობა საგარეო ჩარევის წინააღმდეგ და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია ოფიციალური მხრიდანაც მოდის, მმართველი ხელისუფლებისგან“, – თქვა სტანომ.

სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიით – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, რომელიც მუშაობს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სრულფასოვანი თანამშრომლობის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი.