სტანო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებზე, მუქარასა და დაშინებაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მოქალაქეებზე თავდასხმის, მუქარისა და დაშინების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ევროკავშირი წუხს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოეღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიონ დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ენის გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.

ევროკავშირი ასევე ღრმად შეშფოთებული რჩება  ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციით. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არაზუსტი განცხადებებისგან, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს და რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.

ევროკავშირი ამჟამად განიხილავს ყველა ვარიანტს, რომ რეაგირება მოახდინოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას საქართველოში.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა შეუდგეს ევროკავშირის გზას. ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მის აბსოლუტურ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.