სტანო: შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით

პუბლიკა

ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ და მისი ხელმძღვანელობა, „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნოს. სტანოს აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორმულამ“ ჰკითხა.

სტანო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა.

„შეშფოთებულნი ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – საქართველო, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები. ჩვენ გვესმის, ახლა გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი თვეა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის არჩევნებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მთავრობისადმი, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის. კერძოდ, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა, მათ შორის ამ კუთხით ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კომენტარში.

ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.