საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავლენ. აღნიშნულზე ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა გაავრცელა. ვიზიტის ფარგლებში ისინი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს უნდა შეხვდნენ.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსების შესახებ კითხვაზე, უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა:
„ჩვენ ჩართული ვართ ყველა მხარესთან, შემდეგი ნაბიჯია, ჩვენ ვაპირებთ ტექნიკური გუნდების დაყენებას, რათა დავიწყოთ დეტალებზე საუბარი“.
მოგზაურობის წინ, ორივე ქვეყნის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ მაკრონმა მას გააცნო მსოფლიო ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები.
„ევროპას სჭირდება მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა, რომლის უზრუნველყოფა და აშენება მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებზეა შესაძლებელი. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ჩვენს ერთიან პოზიციას ამასთან დაკავშირებით“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
რაც შეეხება კირ სტრამერთან საუბარს, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცებაში.
„განვიხილეთ მომავალი გეგმები და შესაძლებლობები. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ პატივისცემას, რომელიც ბრიტანელებმა გამოავლინეს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, – წერს ზელენსკი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სტრამერმა ზელენსკის უთხრა, რომ „სრულიად გონივრული იყო“ უკრაინისთვის არჩევნების შეჩერება ომის დროს, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში სტრამერმა „ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ ერთად იმუშაოს“, თქვა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.
ევროპელი ლიდერები 17 თებერვალს შეიკრიბნენ პარიზში საგანგებო სამიტზე იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ აგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან ევროპის ჩართვის გარეშე. 19 თებერვალს გაიმართა უფრო ფართო შეხვედრა, რის შემდეგაც მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების „ერთიანი“ პოზიცია უკრაინის მიმართ.