სტარმერი ზელენსკის: თქვენს გვერდით ვიდგებით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

პუბლიკა

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის დროს მიმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ყოველ დღე უკრაინის ბრძოლა გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხზე, არამედ ევროპელ ხალხზე. კონტინენტი, სადაც თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ჩვენი რწმენა რთულად იქნა მოპოვებული და რომელსაც სურს იცხოვროს მშვიდობაში. პრეზიდენტო ზელენსკი, კიდევ ერთხელ მივესალმებით ამ ღირებულებებისთვის თქვენს ბრძოლას და ეჭვიც არ შეგეპაროთ, თქვენს გვერდით ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – განაცხადა მან.

პარალელურად, მან ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს საჭიროა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

„მე არ ვიმართები იდეოლოგიით, არამედ იმით, რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ გავაძლიერებთ არსებულ ურთიერთობებს და შევქმნით ახალს, რაც მოიცავს ევროკავშირთან ურთიერთობასაც – მე მჯერა, რომ გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის, როგორც სუვერენული პარტნიორების თანამშრომლობა, არის ძლიერი ძალა კონტინენტზე კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნა მან.

სამიტზე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელიც აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი სხვებზე ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობით ცდილობს განხეთქილების შეტანას დასავლეთის ერთიანობაში. ის ლიდერებს მოუწოდებს, დარჩნენ ერთიანები და არ მისცენ პუტინს საშუალება ეს ერთიანობა შეასუსტოს.

მას მიმართვაში პირდაპირ არ დაუსახელებია უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი, თუმცა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინის პრობლემების გადაჭრას მის „ზურგს უკან” ცდილობენ.

„ყველა ირჩევს, როგორ იმოქმედოს და რა მემკვიდრეობა დატოვოს. მაგრამ თუ ვინმე ევროპაში ეცდება, რომ პრობლემები სხვების ზურგს უკან გადაჭრას ან სხვების ხარჯზე – თუ ვინმეს უნდა, რომ ომის დედაქალაქში ჩავიდეს და ისაუბროს, დაპირება გასცეს ჩვენი საერთო ინტერესების წინააღმდეგ – ან უკრაინის და სხვა ქვეყნების ხარჯზე – მაშინ, ამ შემთხვევაში, რატომ უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი ადამიანი? ევროკავშირსა და NATO-ს თავიანთ პრობლემებზე საუბარი ამ კონკრეტული ადამიანის გარეშეც შეუძლიათ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უნგრეთმა ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციით პირველ ივლისს შეითავსა. მას შემდეგ ორბანმა წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ და ეწვია როგორც კიევს, ასევე მოსკოვს. მისი ვიზიტები არ ყოფილა შეთანხმებული ევროკავშირთან და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ის იქ EU-ს არ წარმოადგენდა.