საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს ავრცელებს. ინტერვიუში Franceinfo-სთან სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივისა და სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
„საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანა, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ, ვიტყოდი რომ, უშეცდომო იყო.
…დიახ, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში; პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, „კი“ ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების შესახებ და აღნიშნა, რომ ბევრი რამ საქართველოსთან მიმართებით არაზუსტია, რადგან საქართველო შეუერთდა სანქციებს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეუერთდა სანქციებს. ფინანსურად. სრულად. ისევე, როგორც სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები. არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ“, – თქვა მან.