„მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობების შესრულებით. ომის გარეშე. ეს ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესია“, – ასე გამოეხმაურა Twitter-ზე ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „თუკი, თეორიულად, საქართველოში დეკემბრამდე დაიწყება ომი, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.
ამავე საკითხს გამოეხმაურა კიდევ ერთი ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. მისი თქმით, ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ლექსმანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სუსტი მიზეზების ძიების ნაცვლად, უმჯობესია, საქმეს მოკიდოს ხელი.
„ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დადგა დრო, რომ საქართველოს მთავრობამ უსუსური მიზეზების ძიების ნაცვლად, საქმეს მოკიდოს ხელი“, – წერს ის twitter-ზე.