რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგიინ ხურელსუხს შეხვდება და რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
მონღოლეთი რომის სტატუტის ხელმომწერია. ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები არიან, შეასრულონ 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი პუტინის დაკავების შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მონღოლეთმა პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი X-ზე წერს, რომ მონღოლეთის უარი, შეესრულებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, „მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის”.
„მონღოლეთმა ბრალდებულ დამნაშავეს უფლება მისცა, მართლმსაჯულებას გაჰქცეოდა, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის ომის დანაშაულებზე. ვიმუშავებთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვეს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი.