სტეფანჩუკი: გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“ ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს

პუბლიკა

მასალა განახლებულია

უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

25 თებერვალს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ზელენსკი უმადური ადამიანია და არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ“.

რუსლან სტეფანჩუკი წერს:

„გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის — ქარქაშში ვეღარ ჩააგებო.

უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება; ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად; ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.

ამ ფონზე გაეროს რეზოლუციის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, — ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.

ამიტომ მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე“ მუდმივი საყვედურებით სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები:„არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან.

პოლიტიკური ეფექტურობა — არ არის მთავარი. მთავარია — თავისუფლება“. დაბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები — ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას“, – წერს რუსლან სტეფნაჩუკი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის თავმდჯომარეს, რუსლან სტეფანჩუკს გამოეხმაურა.

„ძვირფასო რუსლან, მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა. აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა.

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია, იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო მობილიზებით უკრაინაში მოხალისეების გაშვებაზე და ომში პირდაპირ ჩაბმაზე.

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა. ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას, თავისთან შეეფარებინა ქართველი დიქტატორი.

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასურველ პირებად გამოაცხადა, მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა.

აწონვა უნდოდა უკრაინის სხვადასხვა დელეგაციის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. არადა, სწორედ საპირისპირო ქცევა იქნებოდა ის, რასაც თქვენ წესიერებას უწოდებთ და რასაც ქართული დელეგაციები უკრაინასთან მიმართებით შეხსენების გარეშეც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ გადახედავდით გაეროს რეზოლუციაზე ვინ მიჰყვა თქვენს მიერ ნახსენებ წესიერების სტანდარტს.

დაბოლოს, აწონვა უნდოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც, რომლითაც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.

ამიტომ, დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა.

საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება.

მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია“, – დაწერა პაპუაშვილმა.


25 თებერვალს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალს. არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი. შეგახსენებთ, სად იყო ბრიტანეთი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ის უმადური ადამიანია, ზოგადად. მე ხომ არ ვამბობ ამას პირველი, აშშ-ის პრეზიდენტმა უთხრა პირველმა – ცოტა მადლიერება გამოიჩინეო. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ასეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. შეგახსენებთ, ელჩიც რომ გაიწვია, ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. ასე რომ, მადლობა თქვან, თუმცა მაგათი მადლობა ჩვენ აღარ გვჭირდება, ჩვენ ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს“.