ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანში ქუჩები დაიტბორა, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით, ადიდებულ ხევს მანქანები მიაქვს.
„ჯერ სეტყვა წამოვიდა, მერე წვიმა, მერე რავიცი, ზემოდან წამოვიდა ტალახი და უბედურება”, „ეზოები სულ სავსეა წყლით”, – აცხადებენ სტიქიის ზონაში „ფორმულასთან” საუბრისას.
სტიქიის ზონაში, გურჯაანის მერიის ცნობით, ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე მისულები იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
„მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა დაიტბორა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება გამოიწვია, დაიტბორა შენობების პირველი სართულები. გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი ჭანდარი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები.
…ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა”, – წერია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.