„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 25-ე კილომეტრზე მაშველებმა სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
„ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით. ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.