სტიქიის ზონაში ნაპოვნი 11 ცხედრიდან, 6 ადამიანი ამოცნობილია - ბარნაბიშვილი

პუბლიკა

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის თქმით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 11 ადამიანიდან 6 იდენტიფიცირებულია.

„მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები. სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს გვამებიც. ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად. რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, ამ ეტაპზე, 11-დან, როგორც ვიცი, ამოცნობილია ექვსი ადამიანი“,- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.