აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
კრემლის განცხადებით, შეხვედრა 3.5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინს გაუზიარეს „თავიანთი შთაბეჭდილებები და შეფასებები“ დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრიდან ისევე, როგორც დეკემბერსა და იანვარში გამართული სხვა შეხვედრებიდან „ფლორიდასა და რიგ ევროპულ დედაქალაქებში“.
უშაკოვის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან „ფოკუსირებული იყო“ იმაზე, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ „ერთობლივად, ორმხრივად განისაზღვროს შემდგომი მოქმედებების პარამეტრები“.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმება შეძლეს, არის უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრა დღეს, 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება.
აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრა 22 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში დააანონსა. მისი თქმით, მოლაპარაკებები 2-დღიანი იქნება.
BBC-ის თანახმად, იური უშაკოვმა თქვა, რომ „რუსული დელეგაცია უკვე ფორმირებულია, პუტინისგან მიიღო „კონკრეტული ინსტრუქციები“ და უახლოეს დროში გაფრინდება აბუ-დაბიში“.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან „თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები“ გრუ-ს (დაზვერვის მთავარი სამმართველო) უფროსის, იგორ კოსტიუკოვის ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა, აბუ-დაბიში გაიმართება უიტკოფისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის შეხვედრა, როგორც ეკონომიკურ საკითხებში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელების.
„კრემლში გამართული მოლაპარაკებები იყო განსაკუთრებით შინაარსიანი, კონსტრუქციული, უკიდურესად გულწრფელი და ნდობაზე დაფუძნებული“, – თქვა უშაკოვმა მედიასთან.
ამავე დროს, მისივე თქმით, რუსულმა მხარემ შეხვედრაზე კვლავ განაცხადა, რომ „ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე“ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების იმედი არ უნდა გვქონდეს“.
„სანამ ეს არ მოხდება, რუსეთი გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის (СВО) ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას“, – თქვა ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ.