სტოლტენბერგი: ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს

პუბლიკა

„უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ” საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ:

„ეს საკითხი არ განხილულა. ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილს წარმოადგენს”.

რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.