სტოლტენბერგი: მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ახლო კავშირებს აყალიბებს ზოგიერთ მოკავშირესთან

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა. მან ისაუბრა ალიანსის ზოგიერთ პარტნიორთან აზერბაიჯანის გაზრდილ კავშირებზე და ხაზი გაუსვა ამის მნიშვნელობას.

„მივესალმები, რომ აზერბაიჯანი უფრო და უფრო აყალიბებს ახლო კავშირებს NATO-ს ზოგიერთ მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაზის, ასევე, სამომავლოდ, ევროპაში NATO-ს მოკავშირეებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაში. შესაბამისად, თქვენ ასრულებთ მნიშვნელოვან როლს ჩვენი საზოგადოებების მედეგობისთვის”, – განაცხადა მან.

ერთობლივ კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კი აღნიშნა, რომ სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში არიან. მისი თქმით, „მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე”.

ამ განცხადებას იქვე უპასუხა სტოლტენბერგმა და თქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიონ. მან ალიევს მოუწოდა, სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.

აზერბაიჯანის შემდეგ იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტია დაგეგმილი. ის ქვეყანას დღეს ეწვევა და შეხვდება როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

19 მარტს კი NATO-ს გენერალური მდივანი სომხეთში გაემგზავრება.