სტოლტენბერგი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინის თავდაცვის უნარს ვამცირებთ

პუბლიკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინის თავდაცვის უნარს ამცირებენ, მათ შორის, ხარკივის ოლქში ბრძოლების დროს.

სტოლტენბერგმა განცხადება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გააკეთა, სადაც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სამიტი მიმდინარეობს.

„თავდაცვის უფლება მოიცავს უკრაინის გარეთ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას. ეს თავდაცვის ნაწილია. და ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ ახლა ხარკივის ოლქში გამართულ ბრძოლებში – რეალურად, რუსული ძალები არიან რუსეთის ტერიტორიაზე და თავს ესხმიან უკრაინას ზუსტად საზღვრის მხრიდან.

ფრონტის ხაზი გადის საზღვრის გასწვრივ. თუ არ შეგიძლია, თავს დაესხა რუსულ ძალებს საზღვრის მეორე მხარეს იმის გამო, რომ ისინი მეორე მხარეს არიან, შენ მრავალმხრივ ზღუდავ უკრაინული ძალების თავდაცვის შესაძლებლობას”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა დაჟინებით მოუწოდა მოკავშირეებს, გადახედონ უკრაინის იარაღის გამოყენების ლიმიტებს.

პარალელურად, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მკაცრად ეწინააღმდეგება იდეას, უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.

1 კვირაა, რუსეთი თავის ტერიტორიიდან უკრაინის ხარკივის რეგიონს ბომბავს. მათ შორის, 26 მაისს სუპერმარკეტზე თავდასხმამ იმსხვერპლა 16 ადამიანი, მათ შორის ერთი 12 წლის გოგო. მალევე რუსეთმა ისევ გაუშვა რაკეტები, რის შედეგადაც დაიჭრა 25 ადამიანი. უკრაინის ხელისუფლება ხარკივის ცის დაცვაში დახმარებას ითხოვს.