სტოლტენბერგი რუსულ კანონზე: ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას დემოკრატიულ საზოგადოებად

პუბლიკა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამ კანონის მიღებას უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად”.

„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.

საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირმაც მკაფიო განცხადება გააკეთა.

საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.

ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს „უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.