სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი შეიძლება წლებიც გაგრძელდეს

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კიევიდან უკან დაიხია და აქცენტი აღმოსავლეთ რეგიონებზე გადაიტანა, პუტინს თავისი მიზანი კვლავ არ შეუცვლია და მთელი ქვეყნის გაკონტროლება სურს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალის წინს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინის გეგმების გამო ომი შეიძლება დიდ ხანს არ დასრულდეს.

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე ინდიკატორი იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, რომელიც მთელი უკრაინის გაკონტროლებას და საერთაშორისო წესების გადაწერას ისახავდა მიზნად.

ასე რომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის. რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდ ხანს, კიდევ მრავალი თვე და წლებიც კი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს მინისტერიალზე 6-7 აპრილს განიხილავენ გზებს, თუ კიდევ რა გზებით დაუჭირონ მხარი უკრაინას. ამასთან სტოლტენბერგის თქმით, მას სურს, რომ განიხილონ სხვა პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობაც.