მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს და ფინანსური რესურსიც გამოყვეს.
დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიასა და მოქალაქეს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. ფონდში უკვე ჩარიცხულია 1 მილიონ 370 ათასი ლარი.
შეგროვილი თანხა, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, ვირუსთან ბრძოლის დროს გამოკვეთილ საჭიროებებს მოხმარდება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, გარდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებსა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესზე, მათ შორის ბიზნესის მხრიდან დასაქმებულთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვაზეც ისაუბრეს.
„მსხვილი ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლებს საბანკო სექტორის მზადყოფნის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სექტორი მომზადებულია მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ფინანსურ სექტორს შეუძლია, დაბალანსებულად უპასუხოს შექმნილ გამოწვევებს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ამასთანავე, დაიწყება ახალი მსხვილი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას.
პრემიერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას, კრიზისის შემდგომ განვითარების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.