სტრასბურგიც დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომ გამორიცხული იყო ციანიდის „ჩადება“ - სამინისტრო

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

უწყება განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დავობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო.

იგი, ამასთანავე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო- და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა“, – განმარტავს სამინისტო.

რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, იუსტიციის სამინისტროს თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი.

„კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება.

ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს უწყება.

დღეს, 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა, შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა.

„ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა“, – ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი.

სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] 1-ლი პუნქტი იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ;
  •  დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი [უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა];
  • დარღვევის დადგენა უკვე თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივანისთვის მიყენებული ნებისმიერი მორალური ზიანის სანაცვლოდ.
  • მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს  გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მომჩივანმა გაიღოს ხარჯების სახით.
  • დარჩენილ ნაწილში უარყოფს განმცხადებლის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.

მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მეორე პუნქტების დარღვევის შესახებ დავობდა.