სტრასბურგის გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია - ხოშტარია

პუბლიკა

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია.

„პირველ რიგში, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი. დაუშვებელი არა, უბრალოდ, კეთილსინდისიერების კატეგორიებით, არამედ დამატებით ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას… აქ, ზოგადად, არავის არ აქვს დიდი მანევრის საშუალება. ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის, ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილების ლაპარაკი – რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. სტრასბურგს კონკრეტულად ამ მომენტში არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ოღონდ, სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ანუ ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ა.შ.  არის საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისვე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე სტრასბურგის პრიორიტეტულ სიაში მოხვდა და პროცესი უკვე არის „არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ“.

„სტრასბურგში მოუწევთ, მაგალითად, იმ კადრების ჩვენება, თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს. იმ კადრების ჩვენება, რომელიც არის მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც უკვე შეფასებულია, როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა. სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში არ არის საკმარისი პირობები არც მისი უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ჟურნალისტებთან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი საქმე სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება.

„რამდენიმე მაჩვენებელში არის ცვლილება, – თირკმლის და, მგონი, ნევროლოგიური მოითხოვს ამ ჩარევას. მე მინდა, რომ არავინ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს არ არის, რომ „მე ახლა ვკვდები“ და არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა სამედიცინო ჩარევას თირკმელზე და ამ რაღაც ნევროლოგიიურზე თუ არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს, ამიტომ მე დავთანხმდი ერთ გადასხმას. ერთმა გადასხმამ არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. ამიტომ, სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. მე ამას ვაკეთებ არა იმისთვის, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა,  არამედ იმისთვის, რომ არ დამძიმდეს კრიტიკულად მდგომარეობა“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა.


ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-9 დღეა საქართველის პარლამენტის შენობაში შიმშილობს.