სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელია სარჩელით მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.
სასამართლომ არც ერთ ნაწილში დარღვევა არ დაადგინა.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება: არ გადავიხადე გირაო, ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული. დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ. საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე”, ასეთია ოცნების „სამართალი”.
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა“, – დაწერა ნიკა მელიამ.
სტასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროც.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ამასთანავე, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ეცადა პარლამენტში შეჭრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახითშეეფარდა გირაო30,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააწესა მისი ელექტრონული მეთვალყურეობა.
2020 წლის 1-ელ ნოემბერს მიმდინარე აქციაზე, ნიკანორ მელიამ პროტესტის ნიშნად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია გირაოს პირობები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს თანხა გაზარდა 40,000 ლარით. ვინაიდან ნიკანორ მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეეცვალა პატიმრობით. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, იგი 2021 წლის 10 მაისს გათავისუფლდა.
ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.