ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოაქვეყნა კითხვები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა უპასუხოს.
საქმე ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს ერთ-ერთი კითხვა ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლსაც (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), „რომლის დარღვევაც დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კითხვები, რომლებზეც „ოცნების” იუსტიციის სამინისტრომ უნდა უპასუხოს, შემდეგია:
1. აღეკვეთა თუ არა განმცხადებელს (მზია ამაღლობელს) უფლება კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) 1 პუნქტის დარღვევით? კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაპატიმრება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტს, ანუ იყო თუ არა გამართლებული და გონივრულ ეჭვს დაფუძნებული?
2. წარმოადგინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც დაასაბუთებდა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის როგორც თავდაპირველ, ისე გაგრძელებულ ვადას, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით? განიხილეს თუ არა მათ გახანგრძლივებული პატიმრობის ალტერნატიული ზომები?
3. ჰქონდა თუ არა განმცხადებელს საშუალება, ესარგებლა ეფექტიანი პროცედურით, რომლითაც შეძლებდა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრებას, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი?
4. დაირღვა თუ არა განმცხადებლის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, განსაკუთრებით განმცხადებლის წინააღმდეგ პარალელურად მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით?
5. მოხდა თუ არა განმცხადებლის უფლებებში ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა) 1 პუნქტით და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) 1 პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად? თუ ასეა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს?
კონვენციის მე-8 მუხლი: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელ ადგილს და მიმოწერას.
2. საჯარო ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ჩარევა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის, არეულობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.
კონვენციის მე-10 მუხლი: გამოხატვის თავისუფლება
1. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას სახელმწიფო ორგანოების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.
2. ამ თავისუფლების განხორციელებას შეიძლება დაეკისროს ისეთი ფორმალური მოთხოვნები, პირობები, შეზღუდვები ან სანქციები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესების, დანაშაულის აღკვეთის, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის, სხვათა ღირსების ან უფლებების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის ან სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6. ჰქონდა თუ არა განმცხადებელს წვდომა ეფექტიან შიდა სამართლებრივ საშუალებაზე?
7. კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში დაწესებული შეზღუდვები იყო თუ არა გამოყენებული აღნიშნული დებულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით?