სტრასბურგის სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევაზე „საიას" საჩივარი დაარეგისტრირა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საჩივრები ადგილობრივ სასამართლოებში არ დაკმაყოფილდა, მიენიჭათ უფლება, მიემართათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი  (თავისუფალი არჩევნების უფლება).

„ამ მუხლის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვამახვილებთ ყურადღებას: ერთი ეხება ხმის მიცემის ფარულობას, მეორე – დავების გადაწყვეტის უსამართლო პროცედურებს; ასევე, საჩივარი შეეხება იმას, რომ მოქალაქეს არ აქვს უფლება, საკუთარი დარღვეული საარჩევნო უფლების შესახებ სასამართლოს მიმართოს“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

ფარულობის დარღვევა უკავშირდებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენას, ასევე ჩარჩო კონვერტის გამოყენებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ხმის მიცემის ფარულობის დაცვას.

„ხმის ფარულობა არის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის დარღვევაც შედეგების გაბათილების ტოლფასია, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ეს საკითხი და მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. ერთადერთი გამონაკლისი იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე განცხადებით, „საიას“ მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია – ECHR-ს მსგავსი შინაარსის დავაზე მანამდე არ უმსჯელია.

„საიას“ შეფასებით, ეს საქმე სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.