სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საჩივრის განხილვა დაიწყო.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, სასამართლო  კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი (Impact Case) მიენიჭოს.

ამის გათვალისწინებით, საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო.

საიამ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).

საიას თანახმად, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს.

ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით, და წინასწარი პატიმრობის გამართლება, მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტზე, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე.

საია აცხადებს, რომ სასამართლომ მხარეებს მიმართა ვრცელი შეკითხვებით საჩივარში მითითებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა  წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით.


„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.